პიროვნული ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა PDF ამობეჭდვა E-mail

გარკვეულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა საპროტესტო აქციების დღეებში უარი განაცხადეს თავისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა პატრულისა და მერიის დასუფთავების სამსახურის მუშაობის მაგალითზე. გამოძახების დროს ადგილზე არ მიდიოდნენ ამ სამსახურების წარმომადგენლები. უფრო მეტიც, შსს-ს ხელმძღვანელებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციების კერებს ამ სამსახურების წარმომადგენლები ახლოს არ გაეკარებიან თითქოს იმიტომ, რომ თავიდან აიცილონ სამართალდამცველებისა და მომიტინგეების უშუალო შეხების საფრთხე. შსს-ს ხელმძღვანელობის ამ უკანონო ბრძანებას ზედმიწევნით ასრულებდნენ ამ სამინისტროს ქვედა რგოლების წარმომადგენლები.

გადამოწმებული და დადასტურებელი ინფორმაციები:

მხოლოდ ჩვენი მონიტორინგის ჯგუფების მიერ 12-ჯერ იქნა გამოძახებული პატრული, რათა აღეკვეთათ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ დაფიქსირებული კანონდარღვევები (თავდასხმები და ფიზიკური ზეწოლა), პოლიციას კი არც ერთ გამოძახებაზე არავითარი რეაგირება არ მოუხდენია.

რაც შეეხება დასუფთავების საქალაქო სამსახურს, მათ შეგნებულად არ გაჰქონდათ საყოფაცხოვრებო ნარჩენები  აქციების მიმდინარეობის ტერიტორიიდან, ხოლო ამის გასამართლებლად ერთხელ მოაწყვეს აშკარა პროვოკაცია, როდესაც მეეზოვეების ფორმაში გადაცმული სპეცსამსახურის თანამშრომლები გაგზავნეს აქციის ცენტრში ვითომდა დასუფთავების მიზნით. ამ ე. წ. მეეზოვებმა მოაწყვეს იქ განთავსებული ტექნიკური მოწყობილობის (კომპიუტერების, ხმის აპარატურის და ა. შ.) განადგურება, რამაც გამოიწვია ჩხუბი და იმ დროს იქ მყოფი აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილს მეზოვეების ფორმაში გადაცმულმა სპეცრაზმელებმა მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. ამ საბაბით შემდგომში მერია უარს აცხადებდა აქციის ტერიტორიის დასუფთავებაზე.

9 აპრილი

15:05 მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე “ეკოს” ბენზინგასამართ სადგურზე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცხო პირები, თავს დაესხნენ მოქ. გია ყარყარაშვილის ავტომანქანას, სცემეს მძღოლი,Gგია ყარყარაშვილს კი წაართვეს ვიდეო კამერა.

21.15. რუსთაველის გამზირზე, “9 აპრილის” აქციიდან სახლში მიმავალ მოძრაობა “რატომ?”-ის აქტივისტებს (ლაშა კოპალიანი, ირაკლი ხუხუნეიშვილი, ნათია არჩვაძე) გზა გადაუჭრა ჯიპის ტიპის სამმა ავტომობილმა. მანქანიდან გადმოსულმა ნიღბიანმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ახალგაზრდებს და გააფრთხილეს აქციაზე აღარ მისულიყვნენ.

10 აპრილი

20:35 სასტუმრო “საქართველოსთან” შეკრებილი იყო “ალიანსი საქართველოსათვის” წარმომადგენლების დაახლოებით 200 კაციანი ჯგუფი. მათთან უეცრად მივარდა 2 ავტომანქანა (“ჯიპი” სახელმწიფო ნომრით - GPI 182 და შინდისფერი “ოპელი”-ს მარკის  ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით MAL 309), მანქანებიდან გადმოვიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული  პირები და სცემეს “ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი აქტივისტი, წაართვეს დროშა, ჩასვეს მანქანაში და ახალგაზრდა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

21:00 ზოოპარკთან შეკრებილ “9 აპრილის” აქციის მონაწილე ახალგაზრდებთან გაჩერდა შავი “ტოიოტა პრადოს” მარკის ჯიპი.  ჯიპიდან გადმოსულებმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა უცხო პირებმა სცემეს ახალგაზრდები. ერთ-ერთმა ნაცემმა ახალგაზრდამ - შმაგი გელბახიანმა თავის არეში მიიღო მძიმე ტრამვა და სასწარაფო დახმარების მანქანით გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ინციდენტის შესახებ ახალგაზრდებმა მიმართეს საპატრულო პოლიციას, რომელსაც რეაგირება არ მოუხდენია ამ ფაქტთან დაკავშირებით. საპატრულო პოლიცია ინციდენტის ადგილზე მხოლოდ სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ მოვიდა. იგივე “ჯიპი” მეორედაც გამოჩნდა შემთხვევის ადგილთან, თვითმხილველებმა საპატრულო პოლიციას მიუთითეს აღნიშნულ ავტომანქანაზე, თუმცა პატრულის თანამშრომლებმა არ მიიღეს ზომები და არ გააჩერეს მითითებული ავტომანქანა. ინციდენტში მონაწილე სამმა ახალგაზრდამ (აკაკი ქიტესაშვილი, ვანო გობეჯაშვილი და არასრულწლოვანი გიორგი ყოჩიაშვილი - 14 წლის) მოახერხა გაქცევა და თავი აარიდა თავდასხმას, რომელთაც 3 საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ მათი ახლობლები. საზოგადოებრივი დამცველის მინიტორინგის ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე და აღმოუჩინა დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება.

(არსებობს საზოგადოებრივი დამცველის მინიტორინგის ჯგუფის მიერ გადაღებული შესაბამისი ვიდეომასალა).

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტვინის შერყევით გადაყვანილ, დაზარალებულ  შმაგი გელბახიანის მოსანახულებლად არ შეუშვა მკურნალმა ექიმმა “საზოგადოებრივი დამცველის” ადვოკატები ცისმარ ონიანი და ქეთი ბექაური.

ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის  საქმეს იძიებს ძვ. თბილისის შ.ს. სამმართველოს მე-7 განყოფილება.

21:10 სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცხო პირები რუსთაველის გამზირზე (მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორია) თავს დაესხნენ “9 აპრილის” აქციაში მონაწილე ოლეგ სიმონიანს და ვოვა სტეფანოვს. მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა წაართვეს დროშები, შემდეგ მიიმალნენ ვერცხლისფერი BMW X5 მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით GMZ 111.

21:35 საბურთალოს ქუჩისა და Yყაზბეგის ქუჩის გადაკვეთაზე ახალგაზრდებთან გაჩერდა  თეთრი ფერის  BMW-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით  LAZ 433, ავტომანქანიდან გადმოვიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცხო პირები და სასტიკად სცემეს მოქალაქეები: გოჩა თევზაძე, ლევან კოტეტიშვილი, ლაშა კუჭავა ტაქსის მძღოლი თემურ ბუნტური და  მიიმალნენ. დაზარალებული მოქალაქეები შემთხვევის ადგილიდან მიიყვანეს რუსთაველის # 24 –ში მდებარე “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ოფისში  “საზოგადოებრივი  დამცველის” მონიტორინგის ჯგუფი მივიდა აღნიშნულ ოფისში და გაესაუბრა დაზარალებულებს. ოთხივე დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანება სახის არეში (არსებობს ამის ამსახველი ვიდეომასალა). “საზოგადოებრივი დამცველის” მონიტორინგის ჯგუფმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება და დაზარალებულები დაგადაიყვანეს შ.პ.ს. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკურ საავადმყოფოში (მიხაილოვი). საავადმყოფოში დაზარალებულებს გაჰყვა “საზოგადოებრივი დამცველის” ადვოკატი ბესო ბოჭორიშვილი. მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოპოვებულია დაზარალებულების ლაშა კუჭავას და თემურ ბუნტურის სამედიცინო ბარათი.

დაზარალებულმა გოჩა თევზაძემ და  ლევან კოტეტიშვილმა უარი განაცხადეს ავადმყოფის  ისტორიის ამოღებაზე და ოთხივე დაზარალებულმა უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, აღნიშნული პირები დაკითხა ვაკე – საბურთალოს რაიონის  შ.ს.ს სამმართველომ.

22:20 რუსთაველის გამზირზე ადგილი ჰქონდა ახალგაზრდა აქტივისტზე დაჩი ცაგურიაზე თავდასხმის მცდელობას.

“საზოგადოებრივი დამცველის” მონიტორინგის ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე.

11 აპრილი

14:35 მოგვმართა მოქალაქე ბესო სარჯველაძემ (26 წლის, მცხ. ქ. თბილისი ა. ყაზბეგის # 29,) მას 14:15 სთ-ზე სახლთან დახვდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 5 უცხო პირი (ლურჯი ფერის, ფორდის მარკის ავტომანქანით,  სახელმწიფო ნომრით KAK ?51). მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა; აღენიშნება სისხლჩაქცევები თავისა და მარჯვენა მტევნის მიდამოებში. “საზოგადოებრივი დამცველის ოფისის” მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება და დაზარალებული გადაყვანის იქნა შ.პ.ს. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკურ საავადმყოფოში (მიხაილოვი), სადაც აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება.

საზოგადოებრივი დამცველის მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოპოვებულია ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ძვ. თბილისი შ.ს.ს.-ს მე-7 განყოფილებაში. ადვოკატი ცისმარ ონიანი

12 აპრილი

18:00 დაახლოებით 18 სთ-ზე “საზოგადოებრივი დამცველის” ოფისში პარტია “თავისუფლების” წევრმა რამაზ ცხაკაიამ მოიყვანა მოქალაქე დავით ჩაჩხიანი, რომელსაც მარჯვენა თვალის მიდამოში აღენიშნებოდა  დიდი ზომის ჰემატომა და მაჯვენა ხელის ტრემორი (ხელის კანკალი). დაზარალებულმა მოქალაქემ განაცხადა, რომ 11 აპრილს, დაახლოებით 23 საათზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას თავს დაესხა დასუფთავების სამსახურის უნიფორმაში გამოწყობილი 7 პიროვნება,  რომლებმაც ხელკეტებით მიაყენეს დაზიანება თავისა და სახის არეში.

დაზარალებულმა, იმავე ღამეს მიაკითხა თბილისის პირველ საავადმყოფოს, სადაც მას არ აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება, არ მოხდა მისი რენტგენული გამოკვლევა, მაშინ როდესაც დაზარალებული უჩიოდა ტკივილებს თავის არეში. ჩაჩხიანის სხეულის დაზიანების ფაქტი არ იქნა გატარებული საავადმყოფოს მიმღების რეგისტრაციის ჟურნალში, რაც 12 აპრილს გადამოწმებულ იქნა საზოგადოებრივი დამცველის მონიტორინგის ჯგუფის მიერ. (არსებობს ამის ამსახველი ვიდეო მასალა)

დაზარალებული საავადმყოფოში ჭრილობის ზედაპირული დამუშავების მომენტიდან ნახევარ საათში გაშვებულ იქნა სახლში.

დ. ჩაჩხიანს საზოგადოებრივი დამცველის ოფისში დააწერინეს შესაბამისი განცხადება. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და  იგი გადაყვანილ იქნა შ.პ.ს. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკურ საავადმყოფოში (მიხაილოვი), სადაც ადვოკატების ქ. ბექაურისა და გ. ნიკოლაიშვილის თანდასწრებით ჩაუტარდა რენტგენული გამოკვლევა, გაეწია კონსულტაცია ნევროპათოლოგის მიერ და გაეწერა ბინაზე ამბულატორიული მკურნალობის გასაგრძელებლად.

აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია წინასწარი გამოძიება. საქმეს იძიებს ძველი თბილისი პოლიციის სამმართველო. გამომძიებელი დიმიტრი ტუხაშვილი.

14 აპრილი

21:45 პარლამენტის წინ გამართული აქციიდან წამოსულ ხუთ ახალგაზრდას ე. წ. “პუშკინის სკვერთან” (# 61 ავტობუსის გაჩერებასთან), წამოეწიათ სამი მსუბუქი ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უნიღბო პირები, აქციის მონაწილეებთან მიახლოებისას გადმოხტნენ ავტომანქანებიდან და ახალგაზრდებს დაუწყეს უმოწყალოდ ცემა. აქციის მონაწილეებს წაართვეს დროშები, დაუმტვრიეს და ნამტვრევები ჩაყარეს ავტომანქანის საბარგულში. ორმა ნაცემმა ახალგაზრდამ დააღწია თავდამსხმელებს თავი და მივიდა პარლამენტის წინ აქციაზე მყოფ პოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული ფორუმის” ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან და შეატყობინა მომხდარი ინციდენტის შესახებ. “9 აპრილის” აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტის თვითმხილველია მოქალაქე კობა წოწკოლაური, აღნიშნული ფაქტი ასევე დააფიქსირა შემთხვევის ადგილას დამონტაჟებულმა შ.ს.ს-ს ვიდეოთვალმა, თვითმხილველის გადმოცემით, თავდამსხმელები მოძრაობდნენ ნაცრისფერი “vოლკსვაგენ გოლფ”-ის, შინდისფერი “მიტსუბიში”-ს მარკის და შავი ფერის მსუბუქი ავტომანქანით სახელმწიფო ნომერით KAN 546.

23.30-ზე ი. ჭავჭავაძის გამზირზე “9 აპრილის აქციიდან” სახლში მიმავალ “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” გენერალურ დირექტორს ვახტანგ ლაღიძეს 6 ავტომანქანით თავს დაესხა 12-მდე უცხო პირი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვეს მისი კუთვნილი ავტომანქანა. სასტიკად ნაცემი ვახტანგ ლაღიძე გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ამბულატორიული მკურნალობა. ვახტანგ ლაღიძეზე თავდასხმის ფაქტი დაფიქსირებული აქვს მსოფლიო ბანკის თბილისის წარმომადგენლობის ვიდეოთვალს. მიუხედავად ამისა, რომ ვიდეოთვალზე მკაფიოდ ჩანს რამდენიმე თავდამსხმელის სახე, ისინი არც არავის დაუკავებია და არც არვის მოუხდენია მათი იდენტიფიკაცია.

15 აპრილი

დილის 4 საათისთვის ლესია უკრაინკას ქუჩაზე ავტომანქანაში მყოფ მოქ. ზურაბ მანჯავიძეს, და მის ორ ძმას (იოსებ და ნიკოლოზ მანჯავიძეებს) ორი ავტომანქანით (მუქი ლურჯი ფერის ფოლქსვაგენ გოლფ 3 და მესედესის მარკის ავტომანქანით)  თავს დაესხა  ხელკეტებით შეიარაღებული 10-მდე ნიღბიანი პიროვნება. მათ ზ. მანჯავიძის კუთვნილ ავტომანქანას (ჰიუნდაი ტუსონი სახელმწიფო ნომრით QSQ 757), როგორც წინა ასევე უკანა მხრიდან გადაუკეტეს  გზა და ცდილობდნენ მანქანაში მჯდომების გადმოთრევას და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. ამავდროულად თავდამსხმელებმა სერიოზულად დააზიანეს ზ. მანჯავიძის კუთვნილი ავტომანქანა კერძოდ დალეწილია წინა მარცხენა კარის შიდა მხარე, ასევე ჩამსხვრეულია მანქანის მარცხენა შუა საქარე მინა. გარეგნულად მანქანას მიყენებული აქვს სერიოზული დაზიანებები.

თავდასხმის დროს ლესია უკრაინკას ქუჩის მაცხოვრებლებმა მოახდინეს რეაგირება, რის გამოც თავდამსხმელებმა დატოვეს აღნიშნული ტერიტორია. ზ. მანჯავიძე საკუთარი ავტომობილით დაედევნა თავდამსხმელთა ერთ-ერთ ავტომანქანას. მან გმირთა მოედანზე მდგარ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს სთხოვა დახმარება, ამავდროულად მიუთითა მეორე ავტომობილზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამოიჩინეს სამსახურეობრივი გულგრილობა, არ მოახდინეს მყისიერი რეაგირება და დაზარალებულს მოთხოვეს წერილობითი მიმართვა.

ამის შემდეგ ზ. მანჯავიძე მივიდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მყოფ “9 აპრილის” აქციის მონაწილეებთან, საიდანაც გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელიც გამოძახებიდან 1 საათის დაგვიანებით. ძვ. თბილისის შ.ს.ს განყოფილებამ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება ს.ს.კოდექსის 187-ე მუხლით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ზ. მანჯავიძე ცნობილ იქნა დაზარალებულად და დაიკითხა დაზარალებულის სტატუსით. მის კუთვნილ ავტომანქანას ჩაუტარდა სასაქონლო ექსპერტიზა, ზარალი შეადგენს დაახლოებით 1500 ლარს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ზ.მანჯავიძის ინტერესებს იცავს საზოგადოებრივი დამცველი მონიტორინგის ჯგუფის ადვოკატი ლევან სამუშია.

11:30 ხუდადოვის ქუჩა #2-ში მოხდა გამოძახება. ადგილზე მივიდა”საზოგადოებრივი დამცველის” მონიტორინგის ჯგუფი. თვითმხილველების ინფორმაციით გატაცებულია მოქალაქე გიორგი ჯაფარიძე (32 წლის). გიორგი ჯაფარიძე დაახლოებით 11:35 წუთზე ჩავიდა ეზოში, მიემართებოდა სამსახურში. ჩაჯდა თავის კუთვნილ ტოიოტა-ს მარკის ავტომანქანაში სახელმწიფო ნომრით ABС 123. ავტომანქანაში ჩაჯდომისას მოქალაქე გ. ჯაფარიძეს ორმა ავტომანქანამ გადაუკეტა გზა და გაიტაცეს გაუკვეველი მიმართულებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით “საზოგადოებრივი დამცველის” მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოპოვებული იქნა აუდიო და ვიდეო მასალა, მათ შორის მობილური ტელეფონით  გადაღებული ფოტოები.

მოგვიანებით მოქალაქე გიორგი ჯაფარიძე ნაპოვნი იქნა დუშეთის რაიონში, ტყეში. შიშველ მდგომარეობაში. იგი იყო ნაცემი, აღენიშნება ძლიერი ტრავმა თავის არეში. მისი კუთვნილი ავტომანქანა წართმეულია.

მეზობლებმა და თვითმხილველებმა ასევე განაცხადეს, რომ გვიან ღამით დარბეული იქნა “9 აპრილის” აქციიდან დაბრუნებული მეზობლის ქალბატონის ავტომობილი, თუმცა დაზარალებულმა ქალბატონმა ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ორივე კანონარღვევა განახორციელდა თავდამსხმელთა ერთი და იგივე   ჯგუფის მიერ თავდამსხმელები მოქმედებდნენ.  BMW-ს მარკის ვერცხლიფერი ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით PAP 002 და OPELL-ის მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით  AEA 264.

დაზარალებულმა გ. ჯაფარიძემ უარი განაცხადა ჩვენებაზე და უარს აცხადებს ადვოკატების მომსახურებაზე.

15:30 ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე “VTB” ბანკის ვაკის ფილიალის შესასვლელთან, ტროტუარზე გაიტაცეს “VTB” ბანკიდან გამოსული ყოფილი პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები”-ს წევრი დავით უჯმაჯურიძე. თვითმხილველები თქმით, მანქანაში ჩაჯდომის დროს, დავით უჯმაჯურიძის კუთვნილ ავტომანქანას უკან მოადგა შავი ფერის “რენჯ როვერი”-ს მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოხტა ჯინსებში გამოწყობილი, ნიღბიანი 4 პირი, გადმოაგდეს მანქანიდან დ. უჯმაჯურიძე და დაუწყეს ცემა. ჩატენეს თავისივე კუთვნილ მესედესის მარკის ჯიპის უკანა სალონში, მისი თანმხლები პირი გადმოაგდეს მანქანიდან და დ. უჯმაჯურიძე გაიტაცეს გაურკვეველი მიმართულებით. ყოველივე ზემოაღნიშნული დააფიქსირა “VTB” ბანკის დაცვის თანამშრომელმა ზურაბ ბახტაძემ და ბანკის გვერდით მდებარე “ქართუ ბანკის” ბანკომატის ვიდეოკამერამ, ასევე “VTB” ბანკის გვერდზე მდებარე აფთიაქის დაცვის თანამშრომელმა ზვიად მურმანიძე-მინაშვილმა და საპატრულო პოლიციის ვიდეოთვალმა. ის ფაქტი, რომ თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ ავტომატებით, ხელკეტებითა და ნიღბებით, დაადასტურა “VTB” ბანკის დაცვის თანამშრომელმა ზურაბ ბახტაძემ, რომელიც ასევე დაკითხულ იქნა შემთხვევის ადგილზე მისული ვაკე – საბურთალოს რაიონის  შ.ს. 1 განყოფილების კრმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვალერი პაპიაშვილის მიერ.

მოგვიანებით დ. უჯმაჯურიძე ნაპოვნი იქნა საგურამოში ნაცემ მდგომარეობაში. ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანა  კი _ ცეცხლწაკიდებული (ვაშლიჯვარში). ფაქტზე დაწყებულია წინასწარი გამოძიება ვაკე-საბურთალოს შ.ს-ს 1 განყოფილებაში.

15 აპრილს დაახლოებით 23 საათზე და 30 წუთზე საკუთარი სახლის სადარბაზოსთან (დიდი დიღომი, ი. პეტრიწის ქუჩა) თავს დაესხნენ საპროტესტო აქციიდან  მომავალ “9 აპრილის” აქციების საორგანიზაციო ჯგუფის წევრ გოჩა სახლთხუციშვილს. გოჩა სახლთხუციშვილს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. Mმას აღენიშნება დაზიანებები შუბლის არეში და იდაყვებზე. თავდამსხმელებმა გაიტაცეს დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა ღანგე ღოვერ-ი სახელმწიფო ნომრით MUR 755. გამოძიებას აწარმოებს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიცია. აღნიშნულ საქმეში არ ფიგურირებს ბრალდებული.

15 აპრილს “ეროვნული ფორუმი”-ს წევრი შალვა სადაღაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციიდან  ტაქსით მიემართებოდა სახლისკენ. ორთაჭალაში მას დაედევნა 3 “ჯიპის” ტიპის ავტომანქანა და გააჩერეს. შ. სადაღაშვილს ნიღბებში გამოწყობილი თავდამსხმელები სასტიკად გაუსწორდნენ. შემთხვევის ადგილას ჩაიარა საპატრულო პოლიციის ორმა ეკიპაჟმა. ნიღბიანმა პირებმა საპატრულო პოლიციას ხელი აუწიეს და პოლიციამ შეუჩერებლად გააგრძელა გზა.

თავდასხმის შედეგად შ.სადაღაშვილს მოტეხილი აქვს ზედა ორივე კიდური და ჩამტვრეული აქვს ნეკნები.

15 აპრილს ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე “9 აპრილის” აციების აქტიურ მონაწილე ამურ თეგეტაშვილს თავს დაესხა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, 30 წელს გადაცილებული სპორტული აღნაგობის 5-6 პირი და ხელკეტებით გაუსწორდა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაკარგა გონება. ნაცემი ა. თეგეტაშვილი გადაყვანილ იქნა შ.პ.ს. “ნეიროქირურგიულ კლინიკაში”.

16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიტიკური მოძრაობა “ერთიანი საქართველოს” წევრებს ვახტანგ ივანიშვილს და ზვიად ლიჩელს თავს დაესხა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი, ხელკეტებით შეიარაღებული 6 პირი. თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ თეთრი ფერის “ნივის” და მერსედესის მარკის ავტომანქანებით. მათ მოქალაქე ივანიშვილსა და ლიჩელს მიაყენეს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულებს აღენიშნებათ დაზიანებები თავისა და ქვედა კიდურების არეში.

16 აპრილს რუსთავის გზატკეცილზე ”9 აპრილის” აქციაში მონაწილეებს (გაბაიძე გოჩა, გაბაიძე ლუიზა, ცეცხლაძე მურმანი, გაბაიძე გიული, გაბაიძე ამირანი, ბოლქვაძე თემური, გუნდაძე თეიმურაზი, გორგაძე ნუგზარი) წამოეწია ვერცხლისფერი  BMW-ს მარკის ავტომანქანა (სავარაუდოთ ტრანზიტული ნომრებით), რომელმაც გზა გადაუჭრეს ტაქსს, რომელშიც ისხდნენ ზემო აღნიშნული აქციის მონაწილეები. BMW -დან გადმოვიდა ნიღბებში გამოწყობილი 6 პიროვნება და ხელკეტებით დაიწყეს ტაქსის საქარე მინების ჩამტვრევა. გადმოათრიეს მგზავრები და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

18 აპრილს ქ. ქუთაისის შესასვლელთან თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანთან, (ქ. თბილისიდან “9 აპრილის” საპროტესტო აქციიდან ქ. ბათუმში დაბრუნებისას), “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის წევრები (მალხაზ ბალაძე, თეიმურაზ მდივანი, ჯონი ტერეიშვილი და გელა დათუნაშვილი) 4-მა ავტომანქანამ ალყაში მოაქცია. ავტომანქანებიდან გადმოვიდა ხელკეტებით შეიარაღებული 15 ნიღბიანი პიროვნება და აქციის მონაწილეებისაგან  მოითხოვეს  მანქანის ტყისკენ გადაყვანა. თეიმურაზ მდივანმა მოახერხა მობილური ტელეფონით დაკავშირებოდა “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ქ. ქუთაისის წარმომადგენლებთან და საპატრულო პოლიციასთან დაკავშირება. დასახმარებლად ჩამოსული პირების გამოჩენისთანავე თავდამსხმელები გაიქცნენ.

22 აპრილს, 22:30-ზე, “საზოგადოებრივი დამცველის” ოფისში მოვიდა მოქალაქე მელორ ვაჩნაძე და განაცხადა, რომ დაახლოებით 22:00 საათზე რუსთაველის გამზირიდან მოქალაქე დაჩი ცაგურიას კუთვნილი ავტომანქანით გაემგზავრა ჩუღურეთის რაიონის მიმართულებით. კლდიაშვილის ქუჩის დასაწყისში მელორ ვაჩნაძეს ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ, დაახლოებით 3 მეტრში თავს დაესხნენ უცხო პირები, ჩატენეს მუქი ფერის OPEL VECTRA-ს ტიპის ავტომანქანაში, რომლის უკანა სავარძელზე იჯდა 2 უნიღბო პიროვნება, ავტომანქანის წინა სალონში კი მხოლოდ მძღოლი. მელორ ვაჩნაძე აღმოჩნდა უკანა სალონის სავარძელზე.

ავტომანქანის მძღოლმა მ. ვაჩნაძეს გაარტყა სახის არეში და ამის შემდეგ დაძრა ავტომანქანა.  დაზარალებული შეეცადა ხელი შეეშალა მძღოლისათვის ავტომანქანის მართვაში. მძღოლმა ვეღარ შეძლო ავტომანქანის მართვა და გააჩერა ტოლსტონოგოვის ქუჩის კუთხეში. დაზარალებული შეეცადა ავტომანქანის წინა სალონში გადასვლას და გაქცევას, რის გამოც თავდამსხმელებმა მას თავის, ზურგის და კისრის არეში მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. ვაჩნაძემ მოახერხა ავტომანქანის წინა სალონში გადასვლა. Mმას მძღოლი უწევდა წინააღმდეგობას. მელორ ვაჩნაძემ შეამჩნია იქვე მყოფი თეთრი ფერის  ჟიგული 07_ის მარკის ავტომანქანა, რომელიც ცდილობდა OPEL VECTRA-ს იმ კარის ჩახერგვას საიდანაც დაზარალებული ცდილობდა გაქცევას. მელორ ვაჩნაძემ მოახერხა თავდამსხმელთა ავტომანქანიდან თავის დაღწევა, რის შემდეგ აღნიშნული Oპელ Vეცტრა მიიმალა. თეთრი ფერის  ჟიგული 07_ის მარკის ავტომანქანაში მყოფმა პირებმა კი დაზარალებულს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ მელორ ვაჩნაძემ გააჩერა ტაქსი და მოვიდა  “საზოგადოებრივი დამცველის” ოფისში, სადაც გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია. (არსებობს საზოგადოებრივი დამცველის მონიტორინგის ჯგუფის მიერ გადაღებული ვიდეომასალა) საპატრულო პოლიციამ დააწერინა ახსნა-განმარტება და დაზარალებულს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება აღმოუჩინა “საზოგადოებრივი დამცველის” ოფისში, რის შემდეგაც დაზარალებული გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა საერთო და რენდგენოლოგიური გამოკვლევა. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია საქმე ძვ. თბილისის შ.ს.ს-ს 5-ე განყოფილება.

13:30-ზე ოზურგეთიდან დაგვიკავშირდა “ალიანსი საქართველოსთვის” წევრი ხათუნა შარაშიძე და შეგვატყობინა, რომ 22 აპრილს ღამე მასთან სტუმრად მყოფ მოქალაქე მაია მამაკაიშვილის კუთვნილ ავტომანქანას NISSAN MORANO, სახელმწიფო ნომრით СIС 321 (მუქი ვერცხლისფერი) დაუჭრეს ოთხივე საბურავი, ეს ფაქტი მოხდა ჭავჭავაძის #8-თან  მდებარე ადვოკატურასთან. ადვოკატურის ოფისთან საღამოს შეინიშნებოდა უცხო ავტომანქანებისა და საპატრულო პოლიციის მანქანების მოძრაობა. ხ. შარაშიძე აღნიშნავს, რომ ღამე ადვოკატურის ოფისში ის და მისი სტუმრები უყურებდნენ ტელეკომპანია “მაესტროს” და გარეთ  მოძრავი უცხო მანქანებისათვის ადვილად შესამჩნევი იყო ეს ფაქტი, რამაც გამოიწვია მათი გაღიზიანება, და სავარაუდოთ ავტომანქანის საბურავების დაზიანება.

25 აპრილს, 16:00-ზე, “საზოგადოებრივი დამცველის” მონიტორინგის ჯგუფს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მონიტორინგისას მიმართეს “9 აპრილის” აქციაში მონაწილე  მოქალაქეებმა და შეატყობინეს, რომ პ. ინგოროყვას # 18-თან განთავსებულ აქციის ე.წ. “საკნებს”, სადაც იმყოფებიან აქციის მონაწილეები, შ.ს.ს-ს შენობიდან ტირის თოფიდან ესროდნენ. სროლის შედეგად დაცხრილულია ერთ-ერთი #98–ე საკანი, მოხვედრილი აქვს 9 ტყვია. აღნიშნულ საკანში მყოფი მოქალაქე (48 წლის) თენგიზ ბერიძე გამოვიდა საკნიდან. მას ესროლეს. თ. ბერიძეს ტყვია მოხვდა მარჯვენა თვალის ბუდის ქვედა მიდამოში, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაკარგა საკმაო რაოდენობის სისხლი.

პ. ინგოროყვას ქუჩის # 18-ში მდებარე თაღში სისხლის კვალი დაფიქსირებულია ინციდენტის ადგილზე მისული “საზოგადოებრივი დამცველის’ მონიტორინგის ჯგუფისა და ტელეკომპანია “მაესტროს”, რუსთავი 2-ს და ინციდენტის ადგილზე მისული სხვა ტელეკომპანიათა გადამღები ჯგუფის მიერ).

დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანილ იქნა შ.პ.ს. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკურ საავადმყოფოში (მიხაილოვი). სადაც ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა. რენტგენის სურათზე აშკარად ჩანს ჭრილობის მიდამოში კანქვეშ უცხო სხეული, სავარაუდოდ ტირის თოფის ტყვია. (არსებობს “საზოგადოებრივი დამცველის’ მონიტორინგის ჯგუფის მიერ გადაღებული ვიდეომასალა). ექიმების განმარტებით დაზარალებულს ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა უცხო სხეულის ამოღების მიზნით.  დაზარალებული საავადმყოფოდან გადაიყვანეს ძვ. თბილისის სამმართველოს 7-ე განყოფილებაში, სადაც დაკითხეს დაზარალებულის სტატუსით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებელის მიერ მოწმის სახით დაკითხულია თვითმხილველი სულიკო მიქელაძე. შემთხვევის ადგილი იმავე ღამით იქნა დათვალიერებული გამომძიებლებისა და კრიმინალისტების მიერ. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სისხლის კვალი საექსპერტო კვლევისათვის.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკითხული იყო მოწმე სულიკო მიქელაძე (ბათუმის კონსერვატიული პარტიის წევრი). დაზარალებული თენგიზ ბერიძის ინტერესებს იცავენ ‘საზოგადოებრივი  დამცველის” ადვოკატები ონისე მებონია და ქეთი ბექაური. მიმდინარეობს გამოძიება ძვ. თბილისი შ.ს.ს-სამმართველოს 7-ე განყოფილების  გამომძიებელი გიორგი სულაკაძე.

27-28 აპრილს გამოძიებას თ. ბერიძის ადვოკატებმა წარდგინა შუამდგომლობა, რომელსაც თან ერთვოდა 25 აპრილს ინგოროყვას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი ვიდეოფირი. (თვითმხილველ ნინო სვანიძის მიერ გადაღებული ვიდეომასალა, სადაც  აღბეჭდილია შ.სს–ს გენერალური ინსპექციის აივანზე დაფიქსირებული რამოდენიმე პიროვნება. ერთ-ერთ მათგანს ხელში უჭირავს პნევმატური იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ განხორციელდა გასროლა და გენ. ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე, რომელიც აღნიშნული აივანიდან ისვრის წყლით სავსე პარკს მშვიდობიანი მანიფესტანტების მისამართით). და შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ერთი ცალი ტყვია, რომელიც თ. ბერიძის განმარტებით ნასროლია პნევმატური იარაღიდან.

ადვოკატები ითხოვენ ვიდეოფირზე აღბეჭდილი პირების ვინაობისა და თანამდებობის დადგენასა და მათ დაკითხვას. შ.ს.-ს შენობის დათვალიარებას, ფირზე გამოსახული თოფის ამოღებას, ტყვიის წარმომავლობის და კუთვნილების  დადგენას, ექსპერტიზის ჩატარებას, თვითმხილველებისა და ვიდეოფირის გადამღები პირის ნინო სვანიძის დაკითხვას.

28 აპრილს, 01:30-ზე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა თავდასხმა ორ მოქალაქეზე. “საზოგადოებრივი დამცველის” მონიტორინგის ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე. აღნიშნული მოქალაქეები აღმოჩნდნენ ზაზა ელჩიბეგოვი და ირაკლი კოხრეიძე. ელჩიბეგოვი და კოხრეიძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე “9 აპრილის” საპროტესტო აქციიდან სიგარეტის საყიდლად გავიდნენ მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც უცნობი პირები დაინტერესდნენ მათი ვინაობით. ამ დროს უეცრად მათთან გაჩნდა დაახლოებით 25-30 უცნობი პირი, რომლებმაც ცემეს და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

ზაზა ელჩიბეგოვი გადაყვანილი იქნა შ.პ.ს. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (მდებარე ვაჟა-ფშაველას გამზირი # 29) და იქ დაესვა შემდეგი დიაგნოზი: ქალა_ტვინის დახურული ტრამვა და ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა მტევნის მეოთხე თითზე და ტრამვული დაზიანებანი. ირაკლი კოხრეიძე გადაყვანილ იქნა მის დროებით საცხოვრებელ ბინაზე და მკურნალობს ამბულატორიულად.

ზაზა ელჩიბეგოვი გაწერილი იქნა  საავადმყოფოდან 28.04.09 ში 12 საათზე მკურნალობის სახსრების უქონლობის გამო.

ადვოკატ ნათია კორკოტაძის მიერ მოპოვებულია სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა #100 ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

შეტყობინება, ამ ფაქტთან დაკავშირებით, მიღებულია ძვ. თბილისის შ.ს.ს-ს განყოფილებაში. შეტყობინება მიიღო პოლიციის თანამშრომელმა ექიზაშვილმა. შეტყობინების ნომერია #6124

3 მაისს, 16:00-ზე, საზოგადოებრი დამცველი ოფისში მოვიდა საქართველოს კონსერვატიული პარტიის წევრი იმედა ნიკურაძე, (მცხოვრები ქ. თბილისი, გუნიას #4) რომელმაც განაცხადა, რომ 3 მაისს დაახლოებით ღამის 2 საათზე იგი ბრუნდებოდა “9 აპრილის” აქციიდან სახლში, ზემოაღნიშნულ მისამართზე. ეზოს შესასვლელთან მან შენიშნა საეჭვოდ მდგომი მერსედესის  ტიპის ავტომანქანა, რომელშიც იმყოფებოდნენ (ჩაწოლილები) სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები. როგორც კი ნიკურაძე შევიდა ეზოში აღნიშნული ავტომანქანიდან გადმოხტა სამი ხელკეტებითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი და გამოკიდა მას. ნიკურაძემ მოასწრო საკუთარ აივანზე შესვლა სადაც წამოეწია ყვითელ კაპიშონ წამოფარებული პირი, რომელმაც გადატენა იარაღი, სროლის მუქარით და გინებით უბრძანა შეჩერებულოყო. ნიკურაძემ მოასწრო და მხარით შეანგრია საკუთარი სახლის კარი და შიგნიდან გადაკეტა ურდულით, რის შემდეგ იგი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მეზობლებს, ბიძას ნუგზარ ამაღლობელს და ცხელ ხაზზე დაუკავშირდა სახალხო პატრულს და შეატყობინა მომხდარის შესახებ. შეტყობინებისთანავე შემთხვევის ადგილზე შეიკრიბნენ მეზობლები და სახალხო პატრულის წარმომადგენლები, მიუხედავად ხალხის სიმრავლისა თავდამსხმელებს არ დაუტოვებიათ აღნიშნული ტერიტორია და განაცხადეს, რომ ისინი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და თითქოსდა ეძებდნენ ვინმე ძებნილ ვალერას და ი. ნიკურაძე შეეშალათ ძებნილ პირში. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა დატოვეს აღნიშნული ტერიტორია.

ამ Fფაქტის თვითმხილველები არიან: ნუგზარ ამაღლობელი, ლევან ტალაბაძე, ადა მემარნიშვილი, ქეთინო ხავთასი, ქეთინო და თეა მჭედლიშვილები.

აღნიშნულ ფაქტზე წინასწარი გამოძიების დაწყების მოთხოვნით ი. ნიკურაძემ მიმართა ძვ. თბილისის პოლიციის სამმართველოს.

07:20-ზე საზოგადოებრივი დამცველის ოფისში მოვიდნენ ჯაბა ჯიშკარიანი და გიორგი ჟვანია და განაცხადეს, რომ რუსთაველის გამზირის #24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანაში ეძინათ მოქალაქე მელორ ვაჩნაძეს, ჯაბა ჯიშკარიანს და  გიორგი ჟვანიას. უცებ აღნიშნულ ავტომანქანას შემოარტყეს ალყა უცხო პირებმა, ჩაამტვრიეს ავტომანქანის მინა, გააღეს კარები და მანქანიდან გადმოათრიეს მძინარე მ. ვაჩნაძე და დაუწყეს ცემა. ჯ. ჯიშკარიანი და გ. ჟვანია შეეცადნენ მ. ვაჩნაძის დაცვას, რის შედეგადაც მათაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. შემდეგ მ. ვაჩნაძე წაიყვანეს ძვ. თბილისის #7 განყოფილებაში, სადაც მან დაჰყო 5 წუთი და ამ ხნის განმავლობაში მას აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას დაახლოებით 40 მამაკაცი, ცემის შედეგად მ. ვაჩნაძე გახდა ცუდად.Aამ დროს თავდამსხმელებთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ვაჩნაძის ახლობლებმა გაიგეს მისი ადგილსამყოფელი. ვაჩნაძე სასწრაფოდ ჩატენეს ავტომანქანაში და ისე მოკეცეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რომ მას არ ჰქონდა სუნთქვის საშუალება, რის გამოც გონება დაკარგა. გააჩერეს მანქანა, გადაიყვანეს სხვა ავტომანქანაში და მოასულიერეს.Aშემდგომ იგი გადაიყვანეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე პოლიციის განყოფილებაში, სადაც რამდენიმე წუთი დაჰყო ავტომანქანაში, ხოლო სამართალდამცავები მის წინაშე სირცხვილის კორიდორს აწყობდნენ, რომელიც გრძელდებოდა 10 წუთის განმავლობაში. თან დასცინოდნენ და აიძულებდნენ გაევლო სირცხვილის კორიდორში და შეურაცხყოფა მიეყენებინა ოპოზიციისათვის, რაზეც მან უარი განაცხადა, და კვლავ ადგილი ჰქონდა ცემის ფაქტს. მ. ვაჩნაძეს ტანზე შემოახვიეს რაღაც სქელი ნაჭერი რომ არ დატყობოდა ცემის კვალი და ისე ურტყამდნენ. ამის შემდეგ იგი შეიყვანეს უცხო პიროვნებასთან, მისი აზრით, გამომძიებელთან და აიძულებდნენ ხელი მოეწერა დაკავების ოქმზე, რაზედაც მან უარი განაცხადა. 10 საათზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მ. ვაჩნაძე გადაიყვანა თბილისის მთავარი სამმართველოს #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მას დახვდნენ შსს პრეს-სამსახურის წარმომადგენლები ვიდეოკამერით, რომლებმაც რამოდენიმეჯერ აიყვანეს მ. ვაჩნაძე სამმართველოს კიბეებზე და ცდილობდნენ ისე გადაეღოთ მისი დაკავების ფაქტი, რომ მას არ ეთქვა “დაიცავი საქართველო” და კამერის წინაშე ხელით არ გამოესახა გამარჯვების სიმბოლო. დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას მ. ვაჩნაძემ მოითხოვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რაზედაც დ.მ.ი.-ს ექიმმა უარი განუცხადა. მას ისევ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამის შემდეგ იგი შეიყვანეს საკანში.

საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატი ნათია კორკოტაძე დილით 10 საათსა და 20 წუთზე შევიდა დ.მ.ი.-ში და შეხვდა მ. ვაჩნაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მან გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, ვინაიდან მას საშუალება არ მისცეს მოეწვიათ ადვოკატი და სწორად ამან განაპირობა მისი მხრიდან ჩვენების არ მიცემა. ადვოკატმა შეადგინა გამოკითხვის ოქმი, ასევე გააკეთა ოფიციალური  მიმართვა  დ.მ.ი.-ს დირექტორის სახელზე, სადაც მან მოითხოვა წერილობითი ინფორმაცია შემდეგზე: კერძოდ, რომელ საათზე იქნა შეყვანილი მ. ვაჩნაძე დ.მ.ი.-ში, რა დაზიანებები აღენიშნებოდა მას სხეულზე და მოითხოვა სამედიცინო საექიმო დასკვნის გაკეთება და წერილობითი ინფორმაციის მიღება. Dრის შედეგადაც ეჭვმიტანილ მ. ვაჩნაძეს ჩაუტარდა სამედიცინო საექიმო შემოწმება, სადაც დაფიქსირებულია შემდეგი დაზიანებები: მთელ ზურგზე წითელი ფერის სისხლნაჟღენთი და ექსკორაციები. ადვოკატს მისცეს დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმი.

ადვოკატის მიერ შეტანილი იქნა შუამდგომლობა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე.

7 მაისი

ღამის 02 საათზე მობილურ ტელეფონზე ადვოკატ მ. ნეფარიძეს დაუკავშირდა აღნიშნულ საქმეზე ზედამხედველი ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნანა ჯაყელი, რომელმაც სთხოვა ადვოკატებს სასწრაფოდ მისულიყვნენ ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში. Aადვოკატები მ. ნეფარიძე, ც. ონიანი, ნ. კორკოტაძე, მამუკა ნოზაძე გამოცხადდნენ რა პროკურორ ნანა ჯაყელთან, მათთვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიება აპირებდა როგორც გადაუდებელი აუცილებლობა ბრალის წარდგენას გიორგი ონიანისა და მელორ ვაჩნაძისათვის. ხოლო არასრულწლოვან რევაზ რევაზიშვილს უკვე ჰქონდა წარდგენილი ბრალი, რაც ადვოკატებისათვის ცნობილი გახდა პროკურატურაში მისვლის მომენტისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ამავე ადვოკატებს აღნიშნულ საქმეზე გამომძიებელ მაია ინასარიძისათვის წარდგენილი ჰქონდათ ორდერები რევაზ რევაზიშვილის ინტერესების დასაცავად.

რევაზ რევაზიშვილი აღნიშნულ საქმეში მთლიანად ცნობს თავს დამნაშავედ. წინასწარმა გამოძიებამ რ. რევაზიშვილის წარუდგინა ბრალი დადგენილების სახით და შევიდა შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ 2 000 ლარის გადახდევინების დავალდებულებით, რაც დააკმაყოფილა სასამართლომ და დაავალდებულა გ. ონიანი ერთი თვის ვადაში შეიტანოს აღნიშნული თანხა გენერალური პროკურატურის დეპოზიტზე.  გ. ონიანი გათავისუფლებულია პატიმრობიდან.

ეჭვმიტანილ გიორგი ონიანს ბრალი წარუდგინეს ღამის დაახლოებით 3 საათსა და 30 წუთზე. დაკითხვა დამთავრდა გამთენიისას, დაახლოებით დილით 6 საათზე. საგულისხმოა, რომ გ. ონიანმა თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რამდენადაც მისი მისვლა ნიკა ავალიანთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ ნ. ავალიანის შეჩერებაში, რამდენადაც ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ხალხი ყვიროდა, რომ მათგან გამოქცეული იმ დროისთვის გ. ონიანისთვის უცნობი პიროვნება ნ. ავალიანი დაეკავებინათ და არ გაეშვათ. რამდენადაც გ. ონიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან მომხდარი ინციდენტის დროს იქ არ იმყოფებოდა და ამიტომ არ ფლობდა სიტუაციას, თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილას, გაიაზრა, რომ მორბოდა დამნაშავე პირი და საჭირო იყო მისი დაკავება, როგორც დამნაშავე პირისა. მან ეს ვერ მოახერხა, რადგანაც ნ. ავალიანი გაუსხლტა ხელიდან და გაიქცა. მართალია, გარკვეულ მანძილზე გ. ონიანი გაედევნა  ნ. ავალიანს დასაჭერად, მაგრამ ვერ დაეწია და შეჩერდა.

ადვოკატ მ. ნეფარიძის განმარტებით, ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოება არ წარმოადგენს გ. ონიანის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულს. თანახმად საქართელოს   ს. ს. საპროცესო კოდექსის 28–ე მუხლის 1 ნაწილის “ა” და ”ბ” ქვეპუნქტების დისპოზიციიდან გამომდინარე.

მიუხედავად ამ პოზიციისა, წინასწარმა გამოძიებამ გ. ონიანს წარუდგინა ბრალი დადგენილების სახით და შევიდა შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ 2 000 ლარის გადახდევინების დავალდებულებით. რაც დააკმაყოფილა სასამართლომ და დაავალდებულა გ. ონიანი ერთი თვის ვადაში შეიტანოს აღნიშნული თანხა გენერალური პროკურატურის დეპოზიტზე. ამჟამად გ. ონიანი გათავისუფლებულია პატიმრობიდან.

მელორ ვაჩნაძემ ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ. მსგავსად წინა ორი ბრალდებულისა, წინასწარმა გამოძიებამ მასაც წარუდგინა ბრალი დადგენილების სახით და შევიდა შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ 2 000 ლარის გადახდევინების დავალდებულებით. რაც დააკმაყოფილა.

7 მაისს

01:00 საათზე სევასტოპოლის ქუჩაზე ნიღბიანებისა და სპეცფორმებში გამოწყობილმა უცნობებმა სასტიკად სცემეს 14 წლის ბაკურ მოლაშვილი, რომელმაც მიიღო ტვინის შერყევა და ლავიწის ძვლის მოტეხილობა.

31 მაისს კოლმეურნეობის მოედანზე თავს დაესხნენ  მელორ ვაჩნაძეს და სასტკად სცემეს იგი. ცემის შედეგად მან მიიღო ხერხემლის მალის მოტეხილობა და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. მის ინტერესებს პროექტის ფარგლებში იცავს “საზოგადოებრივი დამცველის” ადვოკატი ნათია კორკოტაძე.

3 ივნისს დღის 15 საათზე ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია, რომ შავი ჯიპით ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული იქნა პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობის” ორი აქტიური წევრი დარეჯან გუჯეჯიანი და თამარ ნავერიანი, რომლებიც გაიტაცეს გაჩიანის ტერიტორიზახე და 6 საათის განმავლობაში ყავადათ უკანონო პატიმრობაში, მათზე ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. რის შემდგომ ისინი გაანთავისუფლეს. თამარ ნავერიანი გადაყვანილი იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თავა ქალის დახურული დაზიანებით. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 143-ე მუხლით. მათ ინტერესებს იცავს ადვოკატი ქეთევან ბექაური.

9 აგვისტო

გელა მთივლიშვილი დაუკავშირდა საზოგადოებრივ დამცველს და შეატყობინა რომ კონსერვატორული პარტიის წევრებს ოფისში ფანჯრიდან შეეჭრნენ თელავის პოლიციის და კუდის წარმომადგენლები და პარტიის წევრებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცყოფა ერთ-ერთი მათგანი გიორგი დალაქიშვილი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, მძიმე დაზიანებებით.

ზუგდიდი

2 აგვისტო

საზოგადოებრივი დამცველის ოფისში შემოვიდა ინფორმაცია,რომ თავს დაესხნენ ზუგდიდის საკნებში განთავსებულ მოქალაქეებს, კერძოდ, ნიკა პაჭკორიას.

საზოგადოებრივი დამცველის მობილური ჯგუფი გამეგზავრა ზუგდიდში ფაქტის შესასწავლად.

მოცემული ფაქტების საფუძვლიანი ანალიზით გამოიკვეთა ხელისუფლების მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის დებულებათა დარღვევები, კერძოდ: კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება. Aდადასტურებული ფაქტების შემთხვევებში ადგილი ჰქონდა არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევას. Aპიროვნული ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფას კრძალავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-5 მუხლი, რომლის თანახმად არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი.

მე-9 მუხლის მიხედვით კი არავის დაპატიმრება და დაჭერა არ შეიძლება თვითნებურად. Mმე-10 მუხლით გარანტირებულია უფლება, რომ სრული თანასწორობის საფუძველზე ყოველი ადამიანის საქმე საქვეყნოდ და სამართლიანობის ყველა მოთხოვნის დაცვით გაარჩიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ, აღნიშნულს კი როგორც ჩამოთვლილი ფაქტების ანალიზით ირკვევა ადგილი არ ქონია. დარღვეულია ასევე დეკლარაციის მე-11 მუხლი, რომლის მიხედვით, ყოველი ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ დამნაშავეობა დადგენილი არ იქნება კანონიერი წესისამებრ საჯარო სასამართლო განხილვით, რომლის დროსაც მისთვის უზრუნველყოფილია დაცვის ყველა შესაძლებლობა. როგორც წარმოდგენილი ფაქტებიდან ირკვევა ხშირ შემთხვევაში საერთოდ უგუვებელყოფილი იყო უკანონოდ დაკავებული თუ დაპატიმრებული პირთა მოცემული უფლებები, ვინაიდან ადვოკატებს არ ეძლეოდათ საშუალება მათთვის დროული იურიდიული დახმარების გაწევისა. Eეს კი მეორეს მხრივ ადვოკატების მიმართ, მათი პროფესიული საქმიანობაში ხელის შეშლად შეიძლება ჩაითვალოს, რასაც კრძალავს არაერთი საერთაშორისო თუ შიდა საკანონმდებლო აქტი. აღსანიშნავია ასევე, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის  მე-7, მე-9 და მე-10 მუხლიების დაღვევები, რომლებიც ფაქტიურად ანალოგიურია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ზემოთჩამოთვლილი მუხლებისა. წარმოდგენილი ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა ისე ჩვენს მიერ დადგენილ სახელისუფლებო ორგანოებთან ურთიერთობაში მყოფ პირთა მხრიდან თავისუფალი მანიფესტანტებზე განხორციელებული ძალადობის დროს აშკარად გამოიკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულობების ნიშნები. კერძოდ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მუხლი 117), ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (მუხლი 118), ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (მუხლი 120), ცემა (მუხლი 125) აღნიშნულს ადასტურებს არაერთი სამედიცინო დასკვნა, რომლებიც ქვემოთ არიან წარმოდგენილნი. Aასევე, წამება (მუხლი 1441),  წამების მუქარა (მუხლი 1442), დამამცირებელი არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 1443), განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება (მუხლი 147), იძულება (მუხლი 150), მუქარა (მუხლი 151), სიტყვის თავისუფლების ხელყოფა (მუხლი 153), დევნა (მუხლი 156), შეკრებებისა და მანიფესტაციების უკანონოდ ხელის შეშლა (მუხლი 161), პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა (მუხლი 166), ნივთის დაზიანება ან განადგურება (მუხლი 187), მასობრივი არეულობა ( მუხლი 225), ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა (მუხლი 226), სატრანსპორტო კომუნიკაციის ბლოკირება ( მუხლი 222 პრიმა), ხულიგნობა (მუხლი 239), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (მუხლი 332), სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (მუხლი 333), სამსახურებრივი გულგრილობა (მუხლი 342).

 
საზოგადოებრივი დამცველი
კოალიციაში გაერთიანდნენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ეწევიან უფლებადარღვევების მონიტორინგს საქართველოში.
Georgian     English

მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

ვიდეო ფაილები

ფოტომასალა

გამოკითხვა

რომელი სახელმწიფო უწყება არღვევს ყველაზე მეტად ადამიანის უფლებებს?
 

ავტორიზაცია




საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23contacts

ტელ: +995 32 2 94 52 33

E-mail: info@gepad.ge