დაპატიმრებები და ადმინისტრაციული სასჯელების შეფარდება PDF ამობეჭდვა E-mail

აპრილის თვეში და შემდგომ პერიოდში დაკავებული მომიტინგეების მიმდინარე სასამართლო პროცესები

გადამოწმებული და დადასტურებელი ინფორმაციები:

8 აპრილი

16:00 მარნეულის გამგეობის შენობიდან 300-400 მეტრში ხულიგნობის ბრალდებით სოდ-ის თანამშრომლებმა დააკავეს საჩაიედან გამოსული გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტი ბადრი ქველიძე. Dდაკავებულს არ განუმარტეს თავისი უფლებები და დაკავების ოქმზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს იმ მოტივით, რომ თუ იგი ოქმს ხელს მოაწერდა, მას მხოლოდ ერთი დღით დააკავებდნენ. ბადრი ქველიძე მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

“საზოგადოებრივი დამცველის” მონიტორინგის ჯგუფი გავიდა საქმის ადგილზე გასაცნობად.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების ნონა ფილაურისა და ლალი აფციაურის შუამდგომლობა თვითმხილველი მოწმეების დაკითხვის თაობაზე. პოლიციის ორმა თანამშრომელმა სასამართლოში მისცა ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება, თითქოს მათ შეამჩნიეს “სამართალდამრღვევი”. სოდ-ის თანამშრომელმა წერეთელმა განაცხადა, რომ ბ.ქველიძე იდგა მარტო, ხოლო მეორე თანამშრომელის ინფორმაციით იგი იდგა 3 პირთან ერთად. სასამართლოს მიერ მას შეეფარდა 2 კვირით თავისუფლების აღკვეთა.

18:35  ქუჩაში მოხდა “ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრის თამაზ მაყაშვილის დაკავება, რომელსაც შეუფარდეს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

24 აპრილი

12:00 მოქ. შოთა კაჭკაჭიშვილი ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა მარჯანიშვილის ქ. #4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე წვრილმან ხულიგნობისა და საპატრულო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისათვის. მოქ. შოთა კაჭკაჭიშვილი მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციაში, რომელიც ტარდებოდა იმ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდა პრეზიდენტი. საპატრულო პოლიციამ დაიწყო აქციის მონაწილეთა დარბევა, ფიზიკური შეურაცხყოფა. შ. კაჭკაჭიშვილი იძულებით ჩასვეს საპატრულო მანქანაში და გადაიყვანეს ძვ. თბილისის შ.ს.ს-სამმართველოს 5-ე განყოფილებაში, სადაც გაგრძელდა მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება, რის შედეგადაც მიღებული აქვს სხეულის დაზიანებები ორივე თვალის ბუდის არეში და წელის მიდამოში, დაზიანებული აქვს მარჯვენა მკლავის ფალანგი. აღნიშნულ დაზიანებებთან დაკავშირებით ამოღებულია სხეულის დათვალიერების ოქმი ქ. თბილისი #2 დროებითი მოთავსების იზოლატორის კანცელარიიდან, სადაც დაზიანებები ნაწილობრივ არის აღნიშნული. მას შეუფარდეს 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. კაჭკაჭიშვილის უფლებებს იცავენ “საზოგადოებრივი დამცველის” ადვოკატები.

6 მაისი

01:15-ზე, შემოვიდა შეტყობინება, რომ დაახლოებით 20-მა შეიარაღებულმა პირმა შეანგრია წინამძღვრიშვილის #14_ში მდებარე  ბინის კარი, მოქალაქე გიორგი ონიანს, რომელიც დეიდასთან აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და საცვლების ამარა, ფეხშიშველი ცემით გამოიყვენეს სახლიდან.

შემთხვევის ადგილზე გასულ საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატებს თვითმხილველებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გ. ონიანი წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. გაირკვა, რომ გიორგი ონიანი გადაიყვანეს ძვ. თბილისის მე-7 განყოფილებაში, სადაც გამეტებით ცემდნენ ნიღბიანი პირები, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ მას გაუპატიურებით, ასევე შეურაცხყოფდნენ და იმუქრებოდნენ მის შეყვარებულზე. გ. ონიანს ადვოკატის მოთხოვნაზე უარი უთხრეს. მას გაუპატიურებით ემუქრებოდა საშუალო აღნაგობის დაახლოებით 35 წლამდე მამაკაცი, რომლის ამოცნობაც შეუძლია ეჭვმიტანილს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ ისევ საცვლების ამარა და ფეხშიშველი გ. ონიანი გადაიყვანეს დოლიძის #5-ში მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც მას პოლიციის თანამშრომელმა  მოუტანა სხვისი ტანსაცმელი. ჩამოართვეს ჩვენება ეჭვმიტანილის სტატუსით და დილის 7 საათისათვის გადაიყვანეს დროებით დაკავების იზოლატორში. მის მიმართ დაწყებული ყოფილა წინასწარი გამოძიება ს.ს.კოდექსის 239 მუხლის მე 2-ე ნაწილით.

აღსანიშნავია, რომ ძვ. თბილისი #7-ე განყოფილებაში ონიანის მიყვანის ფაქტზე არ შექმნილა რაიმე პროცესუალური დოკუმენტი. საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატებმა ცისმარ ონიანმა და მარიამ ნეფარიძემ ეჭვმიტანილი გიორგი ონიანი ინახულეს დროებით დაკავების ოზოლატორში დღის 12 საათზე.

11:00-ზე საზოგადოებრივი დამცველის ოფისს მიმართა მოქ. ლალი ქათამაძემ  და განაცხადა, რომ მისი შვილი, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 15 წლის რევაზ გოჩას ძე რევაზიშვილი ღამის 02:00 საათზე წაყვანილი იქნა თავისი საცხოვრებელი ბინიდან (ქ. თბილისი თევდორე მღვდლის 1 ჩიხი #4)  6 სპეც რაზმელის მიერ საცვლების ამარა, ფეხშიშველი. ოჯახის წევრებისათვის უცნობი იყო, თუ სად წაიყვანეს არასრულწლოვანი და ითხოვდნენ დახმარებას. ადვოკატები მარიამ ნეფარიძე და ცისმარ ონიანი მიდიოდნენQქ. თბილისის #2 დოებითი მოთავსების იზოლატორში ონიანის საქმეზე და დაადგინეს, რომ დილის 7 საათსა და 05 წუთზე ამავე იზოლატორში მიყვანილ იქნა არასრულწლოვანი რევაზ რევაზიშვილი. დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმიდან ვლინდება, რომ ამ დაწესებულებაში რევაზიშვილი შემოიყვანა ვაკე-საბურთალოს #5 განყოფილების გამომძიებელმა ი. ქირიამ. ამავე ოქმში აღნიშნულია, რომ რ. რევაზიშვილს აქვს შემდეგი სახის დაზიანებები: შუბლზე მცირე ზომის ნაკაწრი, მარცხენა თვალის არეში სისხლნაჟღენთი მოლუჯო მოწითალო ფერის, კისერზე და ზურგზე დაჟეჟილობები, ორივე ქვედა კიდურზე ექსკორიაციები. Aამ პიროვნების მიმართ დაწყებული ყოფილა წინასწარი გამოძიება ს. ს. კოდექსის 239 მუხლის მე 2 და 3 ნაწილებით. ეჭვმიტანილთან ადვოკატების გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ ზემოთ მითითებული დაზიანებები მას მიაყენეს პოლიციელებმა. მისი სიტყვებით, იგი არაადამიანურად სცემა რამდენიმე პოლიციელმა ჯერ პოლიციის ქვეგანყოფილების ეზოში, შემდეგ პოლიციის შენობის ერთ-ერთ ოთახში. იგი იმყოფებოდა მხოლოდ ტრუსისა და მაისურის ამარა და მას ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. ნაცემი რევაზიშვილი გადაიყვანეს დოლიძის ქუჩაზე პოლიციის განყოფილებაში, სადაც გამომძიებელმა მიუტანა ტანსაცმელი, მიიყვანა ქ. თბილისი # 61 საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა დვალი (რომელმაც თვითონ წარუდგინა ეჭვმიტანილს თავი) და უცხო პიროვნება, რომელიც მას წარუდგინეს, როგორც ადვოკატი. თუმცა მისი სახელი და გვარი საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატებთან გასაუბრებისას რ. რევაზიშვილს არ ახსოვდა. იგი ითხოვდა დედასთან მობილური ტელეფონით დაკავშირებას, რათა დედა დასწრებოდა მის დაკითხვას, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს.

დაკითხვის შემდეგ მოხდა შ.ს.ს. პრესცენტრის თანამშრომლის მიერ რევაზიშვილის აღიარების ჩაწერა ვიდეოფირზე, თუმცა ჩაწერამდე მას გაუკეთეს გრიმი სახეზე არსებული დაზიანებების დასაფარად. ადვოკატები რ. რევაზიშვილს შეხვდნენ მხოლოდ 14 საათზე.

ამავე დღეს დააკავეს მელორ ვაჩნაძე. მას ბრალი ედება, საქ-ოს სსკ-ის 239-ე   მუხლის I და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. ადვოკატი – ნათია კორკოტაძე.

23 მაისი

დააკავეს კაპანაძე დავით, მას ბრალად ედება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევა.  სსკ-ს  353-ე მუხლის მე-2 ნაწილი (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი  წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ); ადვოკატი ნათია კორკოტაძე

26 ივნისი

დააკავეს ალხაზიშვილი გიორგი. ბრალი ედება საქ-ოს სსკ-ის 239 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აგვისტოს თვეში ჩაინიშნა 15 პროცესი. ადვოკატი - ლალი აფციაური ნონა ფილაური, Dდალი ბარბაქაძე.

28 ივნისი

რამდენიმე სხვა პირთან ერთად ლევან ლოლიაშვილი ფურცელაძის ქუჩაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პოლიციელებთან შეტაკების გამო. სინამდვილეში ლოლიაშვილი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ცხოვრობდა რუსთაველის პროსპექტზე განლაგებულ ერთ-ერთ იმპროვიზირებულ საკანში. პოლიციელების მხრიდან თავდასხმისას დროს ის კოლმეურნეობის მოედნიდან ბრუნდებოდა და შეეჩეხა მოჩხუბრებს. პოლიციელებმა იგი სასტიკად სცემეს და მისმა მეგობრებმა თითქმის უგრძნობელ მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. საავადმყოფოდან გამოწერილი ლოლიაშვილი სამართალდამცველებმა მეგობრებთან ერთად ქუჩაში დააკავეს და კვლავ სასტიკად სცემეს, ხოლო შემდეგ მას წარუდგინეს ბრალდება პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ის 353-ე) მუხლით. შემდგომში ეს მუხლი შეიცვალა ხულიგნობის (339-ე) მუხლის მე-2, ხოლო შემდგომ ამავე მუხლის I ნაწილით. ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება სწორედ 339-ე მუხლის I ნაწილით წაყენებული ბრალდებით, რაც ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მიუხედავად იმისა, რომ ლოლიაშვილი არსად ჩანს ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებულ ჩხუბის კადრებზე, რადგან ის იქ არ იმყოფებოდა, რამდენიმე პოლიციელმა ის მაინც ამოიცნო იმ პირთა შორის, რომლებიც მათ წინააღმდეგ წარმოებულ ჩხუბში მონაწილეობდნენ. ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. ადვოკატი - გელა ნიკოლაიშვილი.

15 ივნისი

დააკავეს გრძელიშვილი ვალერიანი, მას ბრალი ედება მარჯანიშვილის ქუჩაზე სხვისი ქონების დაზიანებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქ-ოს სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით. წაყენებული ბრალდება ეფუძნება დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც დაიკითხა 15 ივნისს აქციის შემდეგ და არა იმ დღეს, როდესაც ინციდენტი მოხდა. სხვა მტკიცებულება ვ. გრძელიშვილის ბრალეულობის დასამტკიცებლად საქმეში არ არსებობს. აგვისტოს თვეში ჩაინიშნა 5  სასამართლო პროცესი. ადვოკატი - ქეთევან ბექაური.

16 ივნისი

დააკავეს შალვა გოგინაშვილი, მას ბრალი ედება საქართველოს სსსკ 19-109 მუხლის 1 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აგვისტოს თვეში ჩაინიშნა 4 პროცესი.
ადვოკატი – ლალი აფციაური

17 ივნისი

დააკავეს 9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგიჩაიშვილი ლევანი. მას ბრალი ედება მოქ. დავით ლეჟავას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ცივი იარაღის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქ-ოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით.
ადვოკატი - ნათია კორკოტაძე, დალი ბარბაქაძე.

25 ივნისი

ჩხვიმიანი მამუკა სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა). საქართველოს კონსერვატიული პარტიის დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

27 ივნისი

ბესო სარჯველაძე დაკავებულია სსკ-ს 187-ე მუხლითს პირველი ნაწილით. სასამართლოს მხრიდან დარღვეული იქნა განსასჯელისა და დაცვის უფლება გონივრული ვადა მიეცა სასამართლოს  საკამათო სიტყვისათვის რაც არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2 საათი საკმარისი იყო კამათისთვის მოსამზადებლად და არ გადადო სხდომა, რითაც უხეშად დაირღვა სსსკ-ის 76-ე მუხლის 111 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნები, ასევე დაცვის უფლება, გამომდინარე სსსკ-ს 84-ე მუხლი. გაიმართა 2 სასამართლო პროცესი ადვოკატები მარიამ ნეფარიძე, ცისმარი ონიანი.

3 აგვისტო

დაკავებულ იქნა კონსტანტინე ლომიძე და მერაბ მაისურაძე. ,,ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ნაძალადევის რაიონის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელები, რომლებიც საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პერიოდში თავის რამდენიმე კოლეგასთან ერთად განუდგნენ ნაცმოძრაობას და გადავიდნენ ოპოზიციის მხარეზე, რაც საჯაროდ გამოცხადდა პარლამენტის წინ გამართულ ერთ-ერთ მიტინგზე. მათ ბრალად წაუყენეს თაღლითობა (სსკ-ის 180-ე მუხლი), თითქოს ნაცმოძრაობის ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელებად მუშაობის პერიოდში მოქლაქეებს მოტყუების გზით გამოსძალეს თანხა და ამის სანაცვლოდ დაპირდნენ თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარე მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემას. ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი, ნონა ფილაური.

მაისაია ვახტანგი  დაკავებულია 2009 წლის 5 მაისს. ბრალი ედება ჯაშუშობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქ-ოს სსკ-ის 235 მუხლის მე-3 ნაწილით. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. ადვოკატი - ნათია კორკოტაძე

დააკავეს ბადრი აბულაძე, მას ბრალი ედება საქ-ოს სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ადვოკატი – დარეჯან ბარბაქაძე.

ობოლაძე ბესიკი – დაკავებულია 2009 წლის 11 მაისს. ბრალი ედება სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების წაქეზებაში (სსკ-ის 25, 320-ე მუხლი). თავიდან მისი საქმე გაერთიანებული იყო ვახტანგ მაისაიას საქმესთან, შემდეგ გამოყვეს ამ საქმიდან და ამჟამად მიმდინარეობს მისი სასამართლო პროცესი. ადვოკატი – გელა ნიკოლაიშვილი.

 
კოალიცია
თქვენი უფლებებისათვის
Georgian     English

მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

ვიდეო ფაილები

ფოტომასალა

გამოკითხვა

რომელი სახელმწიფო უწყება არღვევს ყველაზე მეტად ადამიანის უფლებებს?
 

ავტორიზაცია




საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23contacts

ტელ: +995 32 2 94 52 33

E-mail: info@gepad.ge