| თავისუფლად გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა |
|
|
|
|
ხელისუფლება აქციების დროს (განსაკუთრებით მის საწყის ეტაპზე) ახორციელებდა რაიონებიდან დედაქალაქის მიმართულებით მომავალი ტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, რაც თავის მხრივ, მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების უფლების ხელყოფას წარმოადგენს. გამოიკვეთა გადაადგილების შეზღუდვის სხადასხვა ფორმები :
გადამოწმებული და დადასტურებელი ინფორმაციები: 9 აპრილი 9:55 - კახეთის რეგიონში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელის გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კახეთის ავტოსადგურებიდან თბილისის მიმართულებით არ უშვებდნენ სამგზავრო ავტობუსებს და სამარშრუტო ტაქსებს. 10:10 - მოქალაქე ლალი ნაროზაშვილის ინფორმაციით, ჩაკეტილი იყო ჩალაუბანიდან ახმეტის გადასასვლელი. 10:45 - დიდუბის ავტოსადგურში ავტობუსის მძღოლებს უცხო პირებმა თავი წარუდგინეს საზოგადოებრივ დამცველებად და გააფრთხილეს, რომ არ წავიდნენ ქანდა - ციხისძირის მიმართულებით, ხოლო წასვლის შემთხვევაში ავტობუსის მძღოლები დაჯარიმდებიან 600 ლარით. 11:15 - დიდუბის ავტოსადგურიდან დარეკა საზოგადოებრივი დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა და მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ქ. ქუთაისის მიმართულებით არ უშვებენ 6 სამგზავრო ავტობუსს, იმის მიუხედავად, რომ ქ. ქუთაისისაკენ გზა არ არის ჩაკეტილი. 11:55 - სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში საპატრულო პოლიციამ საბუთების შემოწმების მოტივით გააჩერა სიღნაღის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე თენგიზ ბეჟაშვილი, ინფორმაციის მოწოდების მომენტისათვის იგი უკვე 40 წუთის გაჩერებული ჰყავდა პოლიციას და არ უშვებდა თბილისის მიმართულებით. იგი მხოლოდ 2 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. 13:55 - დილიდან 13:00 საათისათვის თბილისის ავტოსადგურში არც ერთი ავტობუსი არ შემოსულა ქ. ქუთაისიდან (მიუხედავად იმისა, რომ განრიგით 6 ავტობუსი უნდა შემოსულიყო). დასავლეთის ავტომაგისტრალი სრულიად თავისუფალი იყო. როგორც დიდუბის ავტოსადგურის მძღოლებმა განმარტეს, მათ მიმართ წინა დღეების განმავლობაში პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დაშინების ფაქტებს (თუ ისინი თბილისისაკენ წამოვიდოდნენ, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ). დასავლეთ საქართველოდან ავტობუსით მხოლოდ იმ მოქალაქეებმა იმგზავრეს, ვისაც ჰქონდა თბილისის რეგისტრაცია. 13:44 - მარნეულისა და კუმისის ტეკებთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აჩერებდნენ სამარშრუტო ტაქსებს და არ უშვებენ თბილისის მიმართულებით. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის იყვნენ ასევე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირებიც. 10 აპრილი 03:00 - საჩხერეს გადასახვევთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ქვიშით დატვირთული თვითმცლელები, ზემოაღნიშნული მანქანები გაჩერებული ჰყავდათ 2 დღე-ღამის განმავლობაში და არ უშვებენ არც ერთი მიმართულებით. ადგილზე სიტუაციის გასარკვევად გასულ საზოგადოებრივი დამცველის მონიტორინგის ჯგუფთან გასაუბრებისას საპატრულო პოლიციის თანამშრომელებმა განაცხადეს, რომ მათ ხელმძღვანელობისგან (ვინმე კობიაშვილისგან) აქვთ მიღებული ბრძანება, რომ ჯერ არსად გაუშვან ეს მანქანები. საზოგადოებრივი დამცველის მობილური ჯგუფი (ადვოკატი ლალი აფციაური, ნონა ფილაური, აკაკი ჩაქვეტაძე) გამეგზავრა შემთხვევის ადგილზე. 11:00 - ზაჰესთან და თბილისის შემოსასვლელთან ჩაკეტილი იყო თბილისის მიმართულებით გზა, საზოგადოებრივი დამცველის მონიტორინგის ჯგუფის სიტუაციის ადგილზე გასარკვევად მისვლის შემდეგ 1 საათში გზა გაიხსნა. 11 აპრილი 18:46 - მცხეთასთან საპატრულო პოლიციას რამდენიმე საათით, საზოგადოებრივი დამცველის მონიტორინგის ჯგუფის ჩარევამდე, გაჩერებული ჰყავდა თურქეთიდან მომავალი სამგზავრო ავტობუსი და გაურკვეველი მიზეზით რამდენიმე საათით არ უშვებდა თბილისის მიმართულებით. 13 აპრილი 17:10 - გლდანში, მეტრო “სარაჯიშვილთან” საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გადაკეტილი ჰქონდათ ავტომანქანების სავალი გზა და არ უშვებდნენ ცენტრისკენ მომავალ სამგზავრო ავტობუსებს. 14 აპრილი 10:30 ზუგდიდი _ თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლების სამგზავრო ბილეთების გაცემა შეწყვიტეს და მატარებლები გადაადგილდებოდნენ მგზავრების გარეშე. ჩვენს მიერ გადამოწმებულ იქნა სატრანსპორტო მოძრაობის განრიგი და აღმოჩნდა, რომ კახეთიდან ყოველდღიურად მოძრაობს თბილისისაკენ მინიმუმ 86 სამარშრუტო მიკროავტობუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ერთ დღეში მთლიანობაში გადაადგილდება დაახლოებით 2000 მგზავრი. დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად მოძრაობს საშუალოდ 31 ავტობუსი და მინიმუმ 160 მიკროავტობუსი. თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ საშუალოდ თითო ავტობუსით მგზავრობს დაახლოებით 30 მგზავრი, ხოლო მიკროავტობუსით – მინიმუმ 10, გასაგები გახდება, რომ ამ დღეს შეფერხებული იქნა დაახლოებით 2600 მგზავრი. მთლიანობაში, თუ ამას დავუმატებთ აგრეთვე თბილისის მიმდებარე რეგიონებიდან შეფერხებულ მოძრაობას, აგრეთვე რკინიგზის შეფერხების გამო მგზავრობის უფლების შეზღუდვას, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უხეშად დაირღვა 7000-ზე მეტი მოქალაქის გადაადგილების თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის თანახმად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლების მიმოსვლის უფლება. Aასევე აშკარაა კონსტიტუციის 25-ე მუხლის უგუვებელყოფაც, ვინაიდან ხელისუფლების წარმომადგენლები არ აძლევდნენ თავის მოქალაქეებს საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების საშუალებას, რაც მითითებული მუხლით გარანტირებული უფლებაა ყველა იმ მოქალაქის, რომლებიც არ არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში. დარღვეულია ასევე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, რომელიც საქართველოში 1994 წლის 3 აგვისტოდან მოქმედებს. აღნიშნული დოკუმენტის მე-12 მუხლის თანახმად, თითოეულს, ვინც კანონიერად იმყოფება რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიის ფარგლებში უფლება აქვს თავისუფლად გადაადგილდეს. Bის მოქალაქენი, რომელთა თავისუფალი გადაადგილების უფლებები დაირღვა, ჩვენს მიერ არაერთჯერ გადამოწმებული და დადასტურებული ზემოაღნიშნული ფაქტებით, ნამდვილად კანონიერად იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვინაიდან ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. საყურადღებოა ასევე იმ ადამიანთა ბედი, რომლებიც მართალია არ არიან საქართველოს მოქალაქენი, მაგრამ ისინი საქართველოში კანონიერად იმყოფებოდნენ. რადგან ის ფაქტი, რომ ყოველგვარი ტრანსპორტის მოძრაობა არაერთხელ შეჩერდა მანიფესტაციის დღეებში ამ ადამიანებსაც უსპობდა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას. აღსანიშნავია ამ კუთხით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობა. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულია შეკრებების ან მანიფესტაციის მოწყობის ან და მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. რაც მოცემული ფაქტების გაანალიზებით აშკარაა. |
* * *
მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23
ტელ: +995 32 2 94 52 33
E-mail: info@gepad.ge