მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების ხელყოფა
9 აპრილიდან განვლილი დროის განმავლობაში ოპოზიციონერი აქტივისტების წინააღმდეგ ხელისუფლების უკანონო და ძალადობრივი მოქმედების გავრცელებული მეთოდი იყო მათი პროვოცირება აქციების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაპირისპირებისა და შეტაკებისათვის და შემდგომში ამის საფუძველზე მათთვის 25-30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ან ჯარიმების შეფარდება. ასეთი შეტაკებები ხელისუფლებამ მოაწყო 6 მაისს და 15 ივნისს პოლიციის ქალაქის სამმართველოს შენობასთან (რასაც მისცა პოლიციაზე თავდასხმისა და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის კვალიფიკაცია), ასევე 28 მაისს ფურცელაძის ქუჩაზე, როდესაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები თავს დაესხნენ მომიტინგეებს და ზოგიერთ მათგანს ბრალი წაუყენეს ასევე პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის და 11 ივნისს პარლამენტის შენობასთან, როდესაც დეპუტატებისათვის მოწყობილი სირცხვილის კორიდორს ხელისუფლებამ დაუპირისპირა პროვოკაცია და ძალადობა, თუმცა, ამაში ისევ მომიტინგეები დაადანაშაულა.
ხელისუფლების მოქმედების ტაქტიკაში შედიოდა უამრავი ცრუ სატელეფონო შეტყობინების გამოგზავნა ცხელ ხაზზე, რომელთა გადამოწმებას დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა და ხშირად გადამოწმების შემდეგ ჩვენი მონიტორინგის ჯგუფები ასკვნიდნენ, რომ ეს იყო ცრუ ინფორმაციები.
როგორც ირკვევა, ხელისუფლებამ შექმნა დამრბევთა არაოფიციალური ჯგუფები (ე. წ. ზონდერ-ბრიგადები), რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ ოპოზიციის აქტივისტებს და მშვიდობიან მომიტინგეებს. აღნიშნულ დამრბევ ჯგუფებში მონაწილეობდნენ როგორც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, ასევე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებიც. სწორედ ეს ჯგუფები ახორციელებდნენ ზემოთ აღწერილ თავდასხმებს.
გარკვეულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა საპროტესტო აქციების დღეებში უარი განაცხადეს თავისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა პატრულისა და მერიის დასუფთავების სამსახურის მუშაობის მაგალითზე. გამოძახების დროს ადგილზე არ მიდიოდნენ ამ სამსახურების წარმომადგენლები. უფრო მეტიც, შსს-ს ხელმძღვანელებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციების კერებს ამ სამსახურების წარმომადგენლები ახლოს არ გაეკარებიან თითქოს იმიტომ, რომ თავიდან აიცილონ სამართალდამცველებისა და მომიტინგეების უშუალო შეხების საფრთხე. შსს-ს ხელმძღვანელობის ამ უკანონო ბრძანებას ზედმიწევნით ასრულებდნენ ამ სამინისტროს ქვედა რგოლების წარმომადგენლები.